კანონმდებლობა
 
  საქართველოს კანონმდებლობა ინტელექტუალური საკუთრების სფეროში



საქართველოში დღეს მოქმედი კანონმდებლობა (6 ძირითადი კანონი) ინტელექტუალური საკუთრების სფეროში მიღებულ იქნა 1999 წელს, საქართველოს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით.

2005 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა ცვლილებები და დამატებები საქართველოს კანონებში "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ”, "სასაქონლო ნიშნების შესახებ” და "ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებების შესახებ”. აღნიშნული ცვლილებებისა და დამატებების მიღება განპირობებული იყო მოქმედი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შემდგომი ჰარმონიზაციის აუცილებლობით და საერთაშორისო ხელშეკრულებებთან (ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ე.წ. "ინტერნეტ შეთანხმებები” "საავტორო უფლებების შესახებ” (WCT) da "შესრულებებისა და ფონოგრამების შესახებ” (WPPT), რომის კონვენცია "შემსრულებლების, ფონოგრამის დამამზადებლებისა და მაუწყებლობის ორგანიზაციების დაცვის შესახებ") საქართველოს მიერთების გამო ნაკისრი ახალი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობით.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ცვლილებები და დამატებები შევიდა სისხლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში. კერძოდ, ჩამოყალიბდა ინტელეატუალურ საკუთრებაზე უფლებების დარღევათა სახეების სრული ჩამონათვალი (მათ შორის ინტერნეტი) და გამკაცრდა სანქციები.

2007 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა ორი ახალი კანონი "მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის შესახებ” და "ცხოველთა ახალი ჯიშების დაცვის შესახებ”, რითაც გაუქმებულ იქნა ადრე მოქმედი კანონი "სელექციური მიღწევების დაცვის შესახებ”.



საქართველოს საპატენტო კანონი

საქართველოს საპატენტო კანონი ერთდროულად მოიცავს სამრეწველო საკუთრების სამ ობიექტს _ გამოგონებას, სასარგებლო მოდელსა და სამრეწველო ნიმუშს.

იგი აწესრიგებს აღნიშნული ობიექტების შექმნასთან, გამოყენებასა და სამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებულ ქონებრივსა და პირად არაქონებრივ ურთიერთობებს.

კანონის მიხედვით გამოგონების, სასარგებლო მოდელის, სამრეწველო ნიმუშის ავტორად მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალური შრომის შედეგად შეიქმნა გამოგონება, სასარგებლო მოდელი, ან სამრეწველო ნიმუში.

ავტორობა უვადოდ დაცული განუსხვისებელი უფლებაა.

პატენტის მიღების უფლება აქვს ავტორს ან მის უფლებამონაცვლეს.

კანონის თანახმად, გამოგონებაზე, სასარგებლო მოდელსა და სამრეწველო ნიმუშზე, რომელიც დაკავშირებულია სამსახურებრივი მოვალეობის ან სპეციალური დავალების შესრულებასთან და რომელიც ითვალისწინებს საგამომგონებლო საქმიანობას, პატენტის მიღების უფლება ეკუთვნის სამუშაოს მიმცემს, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული...”. ამით გამომგონებელს ან სამრეწველო ნიმუშის ავტორს აქვს შესაძლებლობა სამუშაოს მიმცემთან ხელშეკრულების გაფორმებისას წამოაყენოს თავისი პირობები და შესაბამისი ობიექტის შექმნისას გახდეს მიღებული მოგების მოწილე ან უფრო მეტიც, პატენტის თანამფლობელი.

პატენტის კლასიკური გაგების თანახმად პატენტმფლობელს გააჩნია განსაკუთრებული უფლება პატენტით დაცულ გამოგონებაზე, სასარგებლო მოდელსა და სამრეწველო ნიმუშზე.

საპატენტო სამართალში დამკვიდრებული პრაქტიკიდან გამომდინარე კანონი არ იძლევა გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის განმარტებას. მასში მხოლოდ მოყვანილია პატენტუნარიანობის კრიტერიუმები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ობიექტები, რათა ისინი მიჩნეულ იქნეს გამოგონებად ან სასარგებლო მოდელად.

გამოგონების კრიტერიუმებია: სიახლე, საგამომგონებლო დონე და სამრეწველო გამოყენებადობა.

სიახლის ცნება დაკავშირებულია ტექნიკის დონესთან. კერძოდ, კანონით დადგენილია, რომ გამოგონება ახალია, თუ იგი ცნობილი არ არის ტექნიკის არსებული დონით. თავის მხრივ, ტექნიკის არსებულ დონეს განსაზღვრავს ყველა ის მონაცემი, რომელიც პატენტზე განაცხადის შეტანის თარიღისათვის საყოველთაოდაა ცნობილი წერილობით, ზეპირი აღწერით, საჯარო გამოყენებით ან სხვა გზით.

კანონი ადგენს გამონაკლისს ტექნიკის არსებული დონით ცნობილი ისეთი ნივთიერებებისა და ნარევებისათვის, რომლებიც გამოიყენებიან აქამდე უცნობი დანიშნულებით. ისინი შეიძლება მიჩნეულ იქნეს პატენტუნარიანად.

გამოგონებას აქვს საგამომგონებლო დონე, თუ იგი სპეციალისტისთვის ცხადად არ გამომდინარეობს ტექნიკის არსებული დონიდან.

გამოგონების სამრეწველო გამოყენებადობა ნიშნავს მისი დამზადების ან მისით სარგებლობის შესაძლებლობას მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ჯანმრთელობის დაცვისა და საქმიანობის სხვა სფეროებში.

გამოგონებისაგან განსხვავებით სასარგებლო მოდელი უნდა აკმაყოფილებდეს მხოლოდ სიახლისა და სამრეწველო გამოყენებადობის კრიტერიუმებს.

კანონის მიხედვით პატენტით შეიძლება დაცულ იქნეს ისეთი სამრეწველო ნიმუში, რომელიც წარმოადგენს ნაკეთობის მხატვრულ-კონსტრუქციულ გარეგან სახეს და რომელიც აკმაყოფილებს სიახლისა და სამრეწველო გამოყენებადობის კრიტერიუმებს.

სასარგებლო მოდელი იგივე გამოგონებაა, რომელსაც არ წაეყენება საგამომგონებლო დონისადმი მოთხოვნები. ამდენად, ამ ობიექტის დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ორგანიზაციებისა და საწარმოებისათვის, რომლებსაც არ გააჩნიათ ძლიერი სამეცნიერო-ტექნოლოგიური პოტენციალი, მაგრამ აქვთ უნარი ახლებურად გადაწყვიტონ პრაქტიკული მნიშვნელობის ამოცანები და, როგორც შედეგი, დაინტერესებულნი არიან მისი სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფით.

ამასთან, როგორც საერთაშორისო და საკუთარი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სასარგებლო მოდელები ძირითადად მოიცავენ დარგებს, რომლებიც დაკავშირებული არიან ფართო მოხმარების საგნების წარმოებასთან, რითაც ამჟამად ყველაზე უფროა დაინტერესებული საქართველოს ბაზარი და ეკონომიკა.

კანონი ითვალისწინებს შემოტანილი პატენტის გაცემას უცხოეთის პატენტის მფლობელზე.

კანონის მიხედვით, რაც შესაბამისობაშია ევროპის საპატენტო კონვენციის მოთხოვნებთან, გამოგონებად და სასარგებლო მოდელად არ მიიჩნევა:

ა) აღმოჩენა, სამეცნიერო თეორია ან მათემატიკური მეთოდი;

ბ) მხატვრული კონსტრუირების შედეგი;

გ) ალგორითმები და პროგრამები გამოთვლითი ტექნიკისათვის;

დ) აღზრდის, სწავლების მეთოდი და სისტემა, ენის გრამატიკული სისტემა, აგრეთვე გონებრივი ოპერაციების შესრულების მეთოდები, თამაშობების, გათამაშების ხერხები.

ე) მეურნეობრიობის ორგანიზაციისა და მართვის მეთოდი;

ვ) ნაგებობათა, შენობათა, ტერიტორიათა დაგეგმარების, პროექტი და სქემა;

ზ) ინფორმაციის წარდგენა.

კანონი ადგენს აგრეთვე რიგ ფაქტორებს და სფეროებს, როცა პატენტი არ გაიცემა.

პატენტი არ გაიცემა გამოგონებაზე, სასარგებლო მოდელზე ან სამრეწველო ნიმუშზე, რომელიც იწვევს არაჰუმანურ, ამორალურსა და/ან ანტისაზოგადოებრივ ქმედებას.

პატენტი ასევე არ გაიცემა ადამიანებისა და ცხოველებისათვის გათვალისწინებული მკურნალობის ქირურგიულ, თერაპიულსა და დიაგნოსტიკურ ხერხებზე. ეს აკრძალვა არ ვრცელდება აღნიშნულ ხერხებში გამოყენებულ მოწყობილობებსა და ნივთიერებებზე.

აქ უნდა აღინიშნოს, რომ ეს წესი მოქმედებს უცხოეთის ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში.

პატენტით დაცვას არ ექვემდებარება მცენარეთა და ცხოველთა ჯიშები, აგრეთვე მათი გამოყვანის უპირატესად ბიოლოგიური ხერხები.

ასეთი ობიექტების სამართლებრივი დაცვა საქართველოში, ისევე როგორც მრავალ ქვეყანაში, ხორციელდება სპეციალური კანონებით.

ამასთან ერთად, საპატენტო კანონის შესაბამისად პატენტი გაიცემა მიკრობიოლოგიურ ხერხებსა და ამ ხერხებით მიღებულ პროდუქტებზე. ეს სფერო სხვასთან ერთად მოიცავს მიკროორგანიზმთა შტამებს, მცენარეთა და ცხოველთა უჯრედების კულტურებს, ბიოტექნოლოგიისა და გენური ინჟინერიის ობიექტებს.

კანონი არ ითვალისწინებს საიდუმლო გამოგონებასა და სასარგებლო მოდელზე პატენტის გაცემას. პატენტი შეიძლება გაიცეს მხოლოდ მათი განსაიდუმლოების შემდეგ.

ამ ნორმის შემოღება დაკავშირებულია იმ გარემოებასთან, რომ ობიექტის საიდუმლოებიდან გამომდინარე პატენტის მფლობელის ძირითადი უფლება _ თავის შეხედულებისამებრ გამოიყენოს და განკარგოს გამოგონება, პრაქტიკულად დაუშვებელია.

რაც შეეხება სახელმწიფოსა და განმცხადებლის ურთიერთობებს და მათ შორის ფულადი კომპენსაციის საკითხს, გამოგონების განსაიდუმლოებამდე იგი წესრიგდება სპეციალური ნორმატიული აქტით.

სამრეწველო ნიმუშების შემთხვევაში პატენტი არ გაიცემა:

- შენობათა ან სხვა უძრავ ნაგებობათა გარეგან სახეზე, გარდა მცირე არქიტექტურული ფორმებისა;

- სხვადასხვა სახის არამდგრადი ფორმის მქონე ობიექტებზე;

- ნაკეთობებზე, რომელთა გარეგანი სახე განპირობებულია არსებითი ნიშნების მხოლოდ ტექნიკური ან ფუნქციური დანიშ­ნულებით.

- უშუალოდ ნაბეჭდ პროდუქციაზე.

პატენტის გაცემის საფუძველს წარმოადგენს ექსპერტიზა. გამოგონებაზე ექსპერტიზა ტარდება სიახლეზე და განმცხადებელს ანალიზისათვის ეგზავნება დოკუმენტური დასკვნა ტექნიკის დონის თაობაზე. რაც შეეხება საგამომგონებლო დონეს, მისი შეფასება ხდება "საქპატენტის” სააპელაციო პალატის ან სასამართლოს მიერ მხოლოდ მოდავე მხარის არსებობის შემთხვევაში.

სასარგებლო მოდელების შემთხვევაში ექსპერტიზა ტარდება ლოკალურ სიახლეზე, ანუ საქართველოში გაცემული პატენტებისა და "საქპატენტში” განსახილველად შემოსული განაცხადების შესწავლის საფუძველზე.

სამრეწველო ნიმუშზე პატენტი გაიცემა, მხოლოდ ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის საფუძველზე.

საკუთრების სხვა ფორმებისაგან განსხვავებით, საპატენტო უფლებები შემოსაზღვრულია ტერიტორიითა და დროით.

კერძოდ, საქართველოს პატენტი იცავს პატენტმფლობელის განსაკუთრებულ უფლებას საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო დაცვის ხანგრძლივობა შეადგენს გამოგონებისათვის _ 20 წელს, სასარგებლო მოდელისათვის _ 8-ს, ხოლო სამრეწველო ნიმუშისაათვის _ 15 წელს.

კანონი იმავდროულად ითვალისწინებს, გარკვეულ პირობებში პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების შეზღუდვას.

კერძოდ, პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დარღვევად არ მიიჩნევა პატენტმფლობელის მიერ ან მისი ნებართვით დამზადებული ნაწარმის სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვის შემდგომ გავრცელება, ან სხვაგვარად გამოყენება.

დაიშვება სამრეწველო საკუთრების ობიექტების გამოყენება კერძო წესით პირადი სარგებლობისათვის, როდესაც ამგვარი ქმედება არ ისახავს კომერციულ მიზნებს. შესაძლებელია მათი გამოყენება, აგრეთვე, უცხოეთის ქვეყნის სატრანსპორტო საშუალებაზე, მათი საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნისას, თუ ისინი გამოიყენება საკუთარი საჭიროებისა და არა მეწარმეობისათვის. დასაშვებია აგრეთვე ამ ობიექტების უნებართვო გამოყენება სტიქიური უბედურების, კატასტროფების, ეპიდემიისა და საგანგებო ვითარების დროს.

თუ რომელიმე პირი, განმცხადებლის მიერ პატენტზე განაცხადის შეტანამდე კეთილსინდისიერად სარგებლობდა ამ გამოგონებით, სასარგებლო მოდელით ან სამრეწველო ნიმუშით, ან განახორციელა მოსამზადებელი სამუშაოები მისი გამოყენებისათვის, მას უფლება აქვს ინდივიდუალურად გამოიყენოს იგი პატენტის მოქმედების მიუხედავად.

პატენტმფლობელს შეუძლია გაყიდოს ან სხვა გზით გაასხვისოს პატენტი, დადგენილი წესით გასცეს ლიცენზია.

ლიცენზია შეიძლება იყოს მარტივი ან განსაკუთრებული. მარტივი ლიცენზია ლიცენზიარს უტოვებს პატენტიდან გამომდინარე ყველა უფლებას. განსაკუთრებული ლიცენზიის შემთხვევაში კი პატენტმფლობელს ეკრძალება იგივე პირობებით სხვა ლიცენზიების გაცემის უფლება.

პატენტი უქმდება იმ შემთხვევებში, თუ პატენტის საგანი არ არის პატენტუნარიანი, ან არ აღწერს გამოგონებას, სასარგებლო მოდელსა და სამრეწველო ნიმუშს იმ სისრულით, რომ შესაძლებელი იყოს მისი განხორციელება, პატენტის საგანი განეკუთვნება ისეთ ობიექტებს, რომლებზედაც საპატენტო კანონის თანახმად პატენტი არ გაიცემა, პატენტის საგანი სცილდება განაცხადის შინაარსის ფარგლებს. პატენტის მოქმედება წყდება დადგენილი საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, ან პატენტის მფლობელის სურვილის საფუძველზე.

საპატენტო კანონმდებლობის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა პატენტმფლობელისა და საზოგადოების ინტერესების დაბალანსება სამრეწველო საკუთრების ობიექტების გამოყენების დროს.

სწორედ ამიტომ, კანონში გათვალისწინებულია ე. წ. იძულებითი ლიცენზირების რეჟიმი, კერძოდ, თუ გამოგონება ან სასარგებლო მოდელი პატენტის გაცემის დღიდან 4 წლის განმავლობაში არ გამოიყენებოდა საქართველოს ტერიტორიაზე, ან გამოიყენებოდა არასაკმარისად, აგრეთვე თუ შეუძლებელი იყო მათი გამოყენება უფრო ადრინდელი პატენტის დარღვევის გარეშე, სახელმწიფოს ეძლევა უფლება (ადმინისტრაციული აქტის ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე) აიძულოს პატენტმფლობელი გასცეს ლიცენზია გამოგონების ან სასარგებლო მოდელის გამოყენებაზე, შესაბამისი ანაზღაურებით.

თუ დასაბუთებულ იქნა ეროვნული თავდაცვის, ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის ან ქვეყნის ეკონომიკის ინტერესებისათვის პატენტის გამოყენების აუცილებლობა, სახელმწიფოს მიერ შეიძლება გაიცეს ოფიციალური ლიცენზია ოთხწლიანი ვადის გასვლამდეც.

კანონი მოიცავს საპატენტო კოოპერაციის საერთაშორისო ხელშეკრულებაში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებულ მარეგულირებელ ნორმებს.

საქართველოს მოქალაქეს (ფიზიკურ ან იურიდიულ პირს) უფლება აქვს შეიტანოს "საქპატენტში” საერთაშორისო განაცხადი.

საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულების შესაბამისად, ასეთი განაცხადის შეტანა "საქპატენტში,” იურიდიულად ტოლფასია შეთანხმების მონაწილე ქვეყნების საპატენტო უწყებებში განაცხადის შეტანისა. იმის გათვალისწინებით, რომ ამას თან სდევს გამოგონების საერთაშორისო ექსპერტიზა მსოფლიოს წამყვან საპატენტო ცენტრებში გაცილებით მარტივდება უცხოეთის ქვეყნებში პატენტის მიღების პროცედურა.



საქართველოს კანონი სასაქონლო ნიშნების შესახებ.

კანონი სასაქონლო ნიშნების შესახებ აწესრიგებს სასაქონლო, მომსახურებისა და კოლექტიური ნიშნების რეგისტრაციასა და დაცვასთან, აგრეთვე მათ გამოყენებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

სასაქონლო ნიშნების შესახებ კანონის თანახმად _ "სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისაგან.”

ამდენად, სასაქონლო ნიშანი უნდა აკმაყოფილებდეს ორ ძირითად მოთხოვნას _ იყოს განმანსხვავებელუნარიანი საქონლის მიმართ და შესაძლებელი იყოს მისი გრაფიკული გამოსახვა.

კანონის თანახმად სასაქონლო ნიშნად შეიძლება გამოყენებულ იქნეს: სიტყვა ან სიტყვები, აგრეთვე ადამიანის სახელი, ასოები, ციფრები, ბგერები, გამოსახულება, სამგანზომილებიანი ფიგურა, მათ შორის საქონლის ფორმა ან შეფუთვა ისევე, როგორც საქონლის სხვა გარეგნული გაფორმება ფერის ან ფერთა კომბინაციის გამოყენებით.

საქართველოში სასაქონლო ნიშნის დაცვის საფუძველს წარმოადგენს "საქპატენტში” ან საერთაშორისო შეთანხმების მიხედვით მისი რეგისტრაცია. საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნები დაცულია რეგისტრაციის გარეშე, პარიზის კონვენციის მე-6bis მუხლის შესაბიმისად.

კანონი ადგენს რიგ შეზღუდვებს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე.

არ დაიშვება სასაქონლო ნიშნად ისეთი სიმბოლოს ან სიმბოლოთა ერთობლიობის რეგისტრაცია, რომელიც:

- ატარებს მოცემული საქონლისადმი აღწერილობით ხასიათს, კერძოდ, მიუთითებს საქონლის სახეობაზე, ხარისხზე, რაოდენობაზე, თვისებებზე, გეოგრაფიულ წარმოშობასა და სხვა; გამოიყენება როგორც საქონლის გვარეობითი ცნება ან წარმოადგენს მისთვის დამახასიათებელ საყოველთაოდ დამკვიდრებულ ტერმინს ან სიმბოლოს ( ეს აკრძალვები არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როცა სასაქონლო ნიშანი სამოქალაქო ბრუნვაში მისი გამოყენების საფუძველზე, რეგისტრაციის მომენტისათვის იძენს განმანსხვავებელუნარიანობას მოცემული საქონლისათვის).

- შეურაცხყოფს ან ეწინააღმდეგება ეროვნულ ღირსებებს, რელიგიასა და ტრადიციებს, ზნეობრივ ნორმებს;

- მცდარ წარმოდგენას უქმნის მომხმარებელს საქონლის შესახებ.

ასევე დაუშვებელია სასაქონლო ნიშნად საერთაშორისო და სახელმწიფო სიმბოლიკის, ოფიციალური დამღების, ნიშნების, ბეჭდების, ორდენებისა და სხვათა რეგისტრაცია.

სასაქონლო ნიშნის დაცვაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს, აგრეთვე, ადრე წარმოშობილი უფლებები, კერძოდ, ადრე რეგისტრირებული იდენტური ან მსგავსი სასაქონლო ნიშნები, საქართველოში დაცული საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებები და გეოგრაფიული აღნიშვნები, სამრეწველო ნიმუშები.

ასევე დაუშვებელია სასაქონლო ნიშნად საქართველოში ცნობილი (ან ისტორიული) პიროვნების სახელის, ფსევდონიმის, ფაქსიმილეს, პორტრეტის რეგისტრაცია შესაბამისი თანხმობის ან ნებართვის გარეშე.

სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია ხდება "საქპატენტის” მიერ ჩატარებული ფორმალური მოთხოვნებისა და არსობრივი ექსპერტიზის საფუძველზე.

კანონი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციამდე ითვალისწინებს მისი გამოსახულებისა და შესაბამისი მონაცემების სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში გამოქვეყნებას. რეგისტრაცია ხდება მხოლოდ გამოქვეყნებიდან სამი თვის შემდეგ, თუ ამ ხნის განმავლობაში "საქპატენტის” სააპელაციო პალატაში არ შევა საჩივარი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თაობაზე.

რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშნის მფლობელის განსაკუთრებული უფლება წარმოიშობა ამ ნიშნის რეგისტრაციის დღიდან.

კანონი ადგენს განსაკუთრებული უფლებების მოქმედების რიგ კონკრეტულ პირობებსა და ფარგლებს.

სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადა განისაზღვრება 10 წლით. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს ყოველი შემდგომი 10 წლით გაგრძელების ჯერადობის შეუზღუდავად.

დასაშვებია სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციიდან გამომდინარე უფლებების ნაწილობრივ ან მთლიანად გადაცემა სხვა ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე. ეს გადაცემა შეიძლება მოხდეს საწარმოსთან ერთად ან მის გარეშე.

სასაქონლო ნიშნის გამოყენების უფლება მისმა მფლობელმა შეიძლება მიანიჭოს სხვა პირს სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე.

კანონის თანახმად სასაქონლო ნიშანზე უფლებების დაკარგვა ხდება ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების ან ბათილად ცნობის შედეგად.

სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია შეიძლება გაუქმდეს _ რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ, მფლობელის გარდაცვალების ან იურიდიული პირის ლიკვიდაციის შემთხვევაში, სასაქონლო ნიშანის გვარეობით ცნებად გადაქცევისა და კანონით დადგენილ სხვა შემთხვევებში, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია შეიძლება ცნობილ იქნეს ბათილად თუკი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მოხდა რეგისტრაციაზე უარის თქმის აბსოლუტური საფუძვლების მოთხოვნათა დარღვევით. 2005 წელს კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად შესაძლებელი გახდა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა, თუ მისი რეგისტრაცია განხორციელდა არაკეთილსინდისიერად, ან სასაქონლო ნიშნის მფლობელის თანხმობის გარეშე მისი აგენტის მიერ თავის სახელზე, ან თუ რეგისტრაციით დაირღვა მესამე პირის საავტორო უფლებები.

კანონი აწესრიგებს აგრეთვე კოლექტიურ ნიშნებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

კოლექტიური ნიშანი განასხვავებს კოლექტიური ნიშნის მფლობელი გაერთიანების წევრთა საქონელს სხვა პირთა საქონლისაგან გეოგრაფიული წარმოშობის, ერთიანი ხარისხობრივი მახასიათებლების ან სხვა თვისებების მიხედვით.

კოლექტიური ნიშნის მფლობელი შეიძლება იყოს მეწარმე სუბიექტების გაერთიანება, რომელიც იქმნება კოლექტიური ნიშნის გამოყენების მიზნით, ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

თუ კოლექტიური ნიშანი შეიცავს გეოგრაფიულ სახელს, კოლექტიური ნიშნის წესდება უნდა ითვალისწინებდეს გაერთიანებაში ნებისმიერი ისეთი პირის გაწევრიანების შესაძლებლობას, რომლის საქონელი წარმოშობილია აღნიშნულ გეოგრაფიულ რეგიონში და აკმაყოფილებს წესდების მოთხოვნებს.

აკრძალულია კოლექტიური ნიშნის გადაცემა, ან ამ ნიშანზე ლიცენზიის გაცემა იმ პირზე, რომელიც არ არის კოლექტიური ნიშნის მფლობელი გაერთიანების წევრი.

კანონში გათვალისწინებულია საერთაშორისო განაცხადების ექსპერტიზის პროცედურის მარეგულირებელი ნორმები, რაც განპირობებულია საქართველოს მონაწილეობით ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ მადრიდის შეთანხმებასთან დაკავშირებულ პროტოკოლში.

პროტოკოლის შესაბამისად საქართველოს მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ "საქპატენტში” შეიტანონ საერთაშორისო განაცხადი სასაქონლო ნიშანზე და მოითხოვონ მისი რეგისტრირება პროტოკოლის მონაწილე ყველა ქვეყანაში.



საქართველოს კანონი საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ.

კანონი აწესრიგებს საქონლის (მომსახურების) ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციასა და დაცვასთან, აგრეთვე გამოყენებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

კანონის მიხედვით ადგილწარმოშობის დასახელება არის გეოგრაფიული ადგილის, რაიონის, რეგიონის, გამონაკლის შემთხვევაში, ქვეყნის თანამედროვე ან ისტორიული სახელი გამოყენებული იმ საქონლის მოსანიშნად, რომელიც წარმოშობილია ამ გეოგრაფიულ ადგილზე, რომლის განსაკუთრებული ხარისხი და თვისებები მთლიანად ან ძირითადად განპირობებულია მხოლოდ ამ გეოგრაფიული ადგილის ბუნებრივი გარემოსა და ადამიანის ფაქტორით, ამასთან, ამ პროდუქციის წარმოება, ნედლეულის დამზადება და დამუშავება ხდება ამ გეოგრაფიული ადგილის საზღვრებში.

ადგილწარმოშობის დასახელებისაგან განსხვავებით, გეოგრაფიული აღნიშვნის შემთხვევაში, პროდუქციის კავშირი გეოგრაფიულ ადგილთან შედარებით სუსტია. ამ შემთხვევაში არ მოითხოვება, რომ ნედლეულის დამზადება, დამუშავება და წარმოება ხდებოდეს ერთსა და იმავე ადგილას, საკმარისია მხოლოდ ერთ-ერთი პირობის დაცვა, მაგრამ, რა თქმა უნდა, იგი გადამწყვეტი უნდა იყოს საქონლის თვისებების და რეპუტაციის ფორმირებისას.

ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვა საქართველოში ხდება "საქპატენტში” მათი რეგისტრაციის ან საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე.

ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის აღიარებისა და რეგისტრაციისათვის დაინტერესებულმა პირმა "საქპატენტში” უნდა წარადგინოს სათანადო მასალები, რომელშიც უნდა იყოს მონაცემები პროდუქციის განსაკუთრებული ხარისხისა და თვისებების შესახებ, ნიშან-თვისებების გეოგრაფიულ ადგილთან კავშირურთიერთობების შესახებ, აგრეთვე წარმოების სპეციფიკური პირობებისა და ხერხების აღწერა (ამ უკანასკნელთა არსებობის შემთხვევაში). ამასთან, აღნიშნული მონაცემები უნდა ეფუძნებოდეს მეცნიერულ კვლევას და დადასტურებული იყოს სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებების მქონე ორგანიზაციის მიერ.

საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საზოგადოებრივი აზრის გასათვალისწინებლად წარმოდგენილი მასალები ქვეყნდება ინტელექტუალური საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში, ცენტრალურსა და ადგილობრივ პრესაში.

ადგილწარმოშობის დასახელებად და გეოგრაფიულ აღნიშვნად არ რეგისტრირდება ისეთი სახელი, რომელიც საქონლის გვარეობით სახელად იქცა და რომელიც შესაძლებელს ხდის მცდარი წარმოდგენა შეუქმნას მომხმარებელს საქონლის წარმოშობის შესახებ, შეურაცხყოფს ან ეწინააღმდეგება ეროვნულ ღირსებას, რელიგიას, ტრადიციასა და ზნეობრივ ნორმებს.

კანონის მიხედვით, ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შემდეგ, მათი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოს მიერ, რეესტრის მონაცემებთან წარმოების პირობებისა და წარმოებული პროდუქციის თვისებების შესაბამისობის დადგენილი წესითა და პერიოდულობით შემოწმების შემდეგ გაცემული ნებართვის საფუძველზე. შემოწმების წესი და პერიოდულობა განისაზღვრება სპეციალური ნორმატიული აქტით.

გარდა რეგისტრაციისა, კანონით გათვალისწინებულია იმ ქვეყნების გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა, რომლებიც ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე ანალოგიურ დაცვას უზრუნველყოფენ საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნებისათვის.

ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციიდან გამომდინარე აკრძალულია: რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის ნებისმიერი პირდაპირი ან არაპირდაპირი კომერციული გამოყენება ისეთ საქონელთან კავშირში, რომელზეც არ ვრცელდება რეგისტრაცია, რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის ისეთი გამოყენება, რომელიც სიტყვა-სიტყვით სწორად მიუთითებს საქონლის წარმოების, მისი ნედლეულის დამზადების ან დამუშავების ადგილზე, მაგრამ ქმნის მცდარ წარმოდგენას საქონლის წარმოშობის შესახებ, ისეთი სახელის ან აღნიშვნის გამოყენება, რომელიც წარმოადგენს რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის მიბაძვას, იმიტაციას, თუნდაც თარგმანში, ან ისეთ სიტყვებთან ერთად, როგორიცაა "ტიპის”, "სტილის”, "მსგავსი”, "ნაირი”, "მეთოდით” და ა. შ.

ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ საქართველოს კანონს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოსათვის, როგორც ღვინის და სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებელი ქვეყნისათვის. იგი ქმნის სამართლებრივ ბაზას ჩვენს ქვეყანაში ელიტარული, მაღალი ხარისხისა და ღირებულების პროდუქციის წარმოებისა და მისი არაკეთილსინდისიერი კონკურენციისაგან დაცვისათვის.



საქართველოს კანონი ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის შესახებ.

ეს კანონი არეგულირებს ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის რეგისტრაციასთან, გამოყენებასა და სამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებით წარმოქმნილ ქონებრივსა და პირად არაქონებრივ ურთიერთობებს.

ამ ობიექტის დაცვის აუცილებლობა წარმოიშვა მიკროზომიანი მრავალელემენტიანი ნახევარგამტარული მოწყობილობების (ინტეგრალური მიკროსქემების) ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, როდესაც მიკროსქემების ელემენტთა განლაგება ხდება სივრცული სურათის _ ტოპოლოგიის საფუძველზე.

კანონი ითვალისწინებს ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის რეგისტრაციას და შესაბამისი მოწმობის გაცემას "საქპატენტის” მიერ, რითაც დასტურდება რეგისტრირებული ტოპოლოგიის მფლობელის განსაკუთრებული უფლებები. განსაკუთრებული უფლებები ძალაშია 10 წლის განმავლობაში რეგისტრაციის თარიღიდან. ტოპოლოგიის რეგისტრაციის უფლება ეძლევა იურიდიულ და ფიზიკურ პირებს.

დაცვას ექვემდებარება მხოლოდ ორიგინალური ტოპოლოგია, ე. ი. ისეთი, რომელიც შექმნილია შემოქმედებითი შრომის შედეგად და არ არის საყოველთაოდ ცნობილი განაცხადის შეტანის თარიღისათვის.

მფლობელის განსაკუთრებული უფლება ვრცელდება ტოპოლოგიისა და მისი შემცველი მიკროსქემის ან მზა ნაკეთობის კომერციულ გამოყენებაზე, მათ შორის იმპორტზე.

ტოპოლოგიის მფლობელის განსაკუთრებული უფლების დარღვევად არ მიიჩნევა:

- ტოპოლოგიის ან მისი შემცველი ნაკეთობის გამოყენება პირადი მიზნებისათვის მოგების მიღების გარეშე, აგრეთვე ანალიზის, კვლევის ან სწავლების მიზნით;

- ტოპოლოგიის მფლობელის მიერ ან მისი თანხმობით გავრცელებული ტოპოლოგიის მქონე ინტეგრალური მიკროსქემის ან მისი შემცველი ნაკეთობის შემდგომი გავრცელება;

- სხვა პირის მიერ რეგისტრირებული ტოპოლოგიის გამოქვეყნებამდე დამოუკიდებლად შემუშავებული იდენტური ორიგინალური ტოპოლოგიის გამოყენება;

- სხვა პირის მიერ გაუმჯობესებული ტოპოლოგიის შექმნა ცნობილი ტოპოლოგიის გამოკვლევის საფუძველზე, თუ ახლად შექმნილი ტოპოლოგია აკმაყოფილებს ორიგინალობის მოთხოვნებს.

ისევე, როგორც პატენტების შემთხვევაში, დასაშვებია იძულებითი ლიცენზიის გაცემა ტოპოლოგიაზე, მაგრამ ამ შემთხვევაში აუცილებელია იგი ნაკარნახევი იყოს სახელმწიფო არაკომერციული ინტერესებით ან განპირობებული იყოს არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღსაკვეთად მიმართული სასამართლოს ან ადმინისტრაციული აქტით.

განმცხადებელთან წარმოქმნილი დავების განსახილველად გათვალისწინებულია საპატენტო კანონის შესაბამისი ნორმების გამოყენება.



"საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი

საქართველოში საავტორო და მომიჯნავე უფლებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს არეგულირებს საქართველოს კანონი "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ”, რომელიც მიღებული იქნა 1999 წელს.

კანონის მიხედვით, საავტორო უფლებებით იცვება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნებისმიერი ნაწარმოებები, რომლებიც წარმოადგენს ინტელექტუალურ შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს, განურჩევლად ნაწარმოების დანიშნულებისა, ავკარგიანობისა, ჟანრისა, მოცულობისა, გამოხატვის ფორმისა და საშუალებისა. მათ შორის, წიგნები, ბროშურები, სტატიები ლექციები, დრამატული ნაწარმოებები, მუსიკალური ნაწარმოებები, აუდიოვიზუალური (კინემატოგრაფიული) ნაწარმოებები, სახვითი ხელოვნების, ფერწერული, სკულპტურული ნაწარმოებები, ფოტოგრაფიული ნაწარმოებები, დეკორატიული და გამოყენებითი ხელოვნების ნაწარმოებები, რუკები, გეგმები, ესკიზები, არქიტექტურული ნაწარმოებები, გადამუშავებული ნაწარმოებები, (თარგმანი, ადაპტაცია, ეკრანიზაცია) შედგენილი ნაწარმოებები (კრებული, ენციკლოპედია, ანთოლოგია, მონაცემთა ბაზა), კომპიუტერული პროგრამები და სხვა.

საავტორო უფლებები არ ვრცელდება იდეებზე, მეთოდებზე, პროცესებზე, სისტემებზე, საშუალებებზე, კონცეფციებზე, პრინციპებზე, აღმოჩენებსა და ფაქტებზე, მაშინაც კი, თუ ისინი გამოხატულია, ახსნილია, აღწერილია, ილუსტრირებულია ან ხორცშესხმულია ნაწარმოებში.

საავტორო უფლებები წარმოიშვება ავტომატურად, ნაწარმოების შექმნისთანავე და ამ უფლებების წარმოშობისათვის აუცილებელი არ არის რეგისტრაცია, დეპონირება ან სხვა ფორმალობების დაცვა. თუმცა, ისევე როგორც ბევრ ქვეყანაში, საქართველოს კანონი, ავტორის სურვილის შემთხვევაში, ითვალისწინებს ნაწარმოების ორიგინალის ან ასლის "საქპატენტში” დეპონირების შესაძლებლობას. დეპონირების შედეგად "საქპატენტის” მიერ გაიცემა მოწმობა, რომელიც არ წარმოშობს საავტორო უფლებებს და ადასტურებს მხოლოდ ნაწარმოების დეპონირების ფაქტს.

კანონით ავტორს მინიჭებული აქვს პირადი არაქონებრივი და ქონებრივი უფლებები. ავტორის არაქონებრივი უფლებაა აღიარებული იქნას ნაწარმოების ავტორად, უფლება მიიღოს გადაწყვეტილება როდის, სად და რა ფორმით გახადოს ცნობილი ნაწარმოების შექმნის ფაქტი, უფლება დაიცვას ნაწარმოები ყოველგვარი დამახინჯებისაგან ან სხვაგვარი ხელყოფისგან, რამაც შეიძლება შელახოს ავტორის პატივი, ღირსება ან საქმიანი რეპუტაცია და სხვა.

ავტორის განსაკუთრებული ქონებრივი უფლებაა განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს ნაწარმოების რეპროდუცირება, ნაწარმოების ორიგინალის ან ასლების საზოგადოებაში გავრცელება, ნაწარმოების საჯარო შესრულება, ნაწარმოების საჯარო გადაცემა, კერძოდ, გადაცემა რადიო ან ტელე ეთერში, კაბელით ან იტერნეტით, ნაწარმოების თარგმნა, ნაწარმოების გადამუშავება, ნაწარმოების ორიგინალის ან ასლის გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა.

ავტორის თანხმობისა და მისთვის ჰონორარის გადახდის გარეშე დაშვებულია ნაწარმოების ციტირება ან ილუსტრაციის სახით გამოცემებში გამოყენება სამეცნიერო, პოლემიკური და კრიტიკული მიზნებისათვის, მიმდინარე მოვლენების პროცეში დანახული ან მოსმენილი ნაწარმოების, საჯაროდ წარმოთქმული პოლიტიკური მოხსენების საინფორმაციო მიზნით რეპროდუცირება ჟურნალებისა და სხვა პერიოდული გამოცემების მიერ ან მათი საჯარო გადაცემა, მუსიკალური ნაწარმოებების საჯარო შესრულება ოფიციალური, სამგლოვიარო და რელიგიური ცერემონიების დროს და სხვა.

საავტორო უფლებები წარმოიშობა ნაწარმოების შექმნისთანავე და მოქმედებს ავტორის სიცოცხლეში და 70 წელი მისი გარდაცვალებიდან.

საავტორო უფლებების მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ნაწარმოები შეიძლება გამოიყენოს ნებისმიერმა პირმა ჰონორარის გადახდის გარეშე.

კანონის მიხედვით საავტორო უფლებების გადაცემა შესაძლებელია კანონით, ანდერძით ან ხელშეკრულებით. ავტორს ქონებრივი უფლებების გადაცემა მთლიანად ან ნაწილობრივ. მასვე შეუძლია დაუთმოს ნებისმიერ პირს ნაწარმოების გამოყენების უფლება, ანუ გასცეს ნაწარმოების გამოყენების ლიცენზია.

მომიჯნავე უფლებების დაცვის ობიექტებია შესრულება, ფონოგრამა და ვიდეოგრამა და საეთერო და საკაბელო მაუწყებლობის ორგანიზაციების გადაცემები, ხოლო დაცული სუბიექტებია შემსრულებლები, ფონოგრამისა და ვიდეოგრამის დამამზადებლები და მაუწყებლობის ორგანიზაციები.

კანონი ანიჭებს შემსრულებელს ქონებრივ და არაქონებრივ უფლებებს. მათ შორის, უფლებას დაიცვას შესრულება ნებისმიერი ხელყოფისა და დამახინჯებისაგან, უფლებას ნება დართოს ან აკრძალოს შესრულების ჩაწერა, შესრულების ჩანაწერის რეპროდუცირება, ეთერში ან კაბელით შესრულების გადაცემა, ფონოგრამაზე ან ვიდეოგრამაზე ჩაწერილი შესრულების გავრცელება, მათ შორის ინტერნეტით და სხვა.

ფონოგრამის და ვიდეოგრამის დამამზადებელს მინიჭებული აქვს განსაკუთრებული ქონებრივი უფლება ნება დართოს ან აკრძალოს ფონოგრამის ან ვიდეოგრამის რეპროდუცირება, ეგზემპლარების გავრცელება, გაქირავება, ინტერნეტში გავრცელება და სხვა.

მაუწყებლობის ორგანიზაციებს უფლება აქვთ ნება დართონ ან აკრძალონ გადაცემის ჩაწერა, გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გადაცემის რეტრანსლაცია ან კაბელით ხელახალი გადაცემა, ინტერნეტით გავრცელება, გადაცემის საჯარო გადაცემა ისეთ ადგილებში, სადაც შესვლა ფასიანია და სხვა.

კანონით დაშვებულია შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის და მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება უფლებამფლობელის თანხმობისა და მისთვის ჰონორარის გადახდის გარეშე ციტირებისას, სამეცნიერო, კვლევითი, პოლემიკური, კრიტიკული და საინფორმაციო მიზნებისათვის, მოკლე ნაწყვეტების ილუსტრაციის სახით გამოყენებისას სწავლებისათვის ან მეცნიერული გამოკვლევებისათვის, მოკლე ნაწყვეტების ჩართვისას მიმდინარე მოვლენების მიმოხილვისას.

შემსრულებლის უფლებები მოქმედებს 50 წლის განმავლობაში პირველი შერულებიდან.

ფონოგრამის და ვიდეოგრამის დამამზადებლის უფლება მოქმედება 50 წლის განმავლობაში ფონოგრამის ან ვიდეოგრამის პირველი ჩაწერიდან.

საეთერო ან საკაბელო მაუწყებლობის ორგანიზაციის უფლება მოქმედებს 50 წლის განმავლობაში ასეთი ორგანიზაციის მიერ გადაცემის ეთერში ან კაბელით პირველად გადაცემიდან.

კანონის SUI GENERIS ნორმებით დაცულია აგრეთვე ისეთი მონაცემთა ბაზა, რომელიც არ წარმოადგენს "ნაწარმოებს” და განსხვავდება საავტორო უფლებებით დაცული "მონაცემთა ბაზისაგან”. ასეთი მონაცემთა ბაზის დამაზადებელი სარგებლოს განსაკუთრებული უფლებებით ნება დართოს ან აკრძალოს მისი გამოყენება, თუ მან განახორციელა ხარისხობრივი და რაოდენობრივი თვალსაზრისით არსებითი ინვესტიცია მონაცემთა ბაზის შემცველობის შეძენის, მოპოვების, დაზუსტების ან წარმოდგენის მხრივ.

ინტერნეტისა და ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასთან დაკავშირებით კანონი უფლებამფლობელებს საშუალებას აძლევს ისარგებლონ უფლებების განხორციელების ისეთი თანამედროვე სპეციფიური ინსტრუმენტით, როგორიცაა "ტექნოლოგიური საშუალება” და "უფლების მართვის ინფორმაცია”. კანონის მიხედვით უფლებების დარღვევად მიჩნეულია უფლების მართვის ინფრომაციის შეცვლა ან წაშლა და ტექნოლოგიური საშუალებების გვერდის ავლა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მისი გაუვნებელყოფა.

ავტორთა უფლებების ეფექტურად განხორციელებისა და საავტორო ჰონორარების შეგროვებისა და განაწილების მიზნით კანონი ითვალისწინებს ავტორთა უფლებას შექმნან ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს ქონებრივი უფლებების კოლექტიური მართვა. ორგანიზაციის მთავარი ფუნქციაა ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის გამოყენებისათვის გასცეს ლიცენზიები მოსარგებლეებზე, შეაგროვოს შესაბამისი ჰონორარი და გაანაწილოს არა მარტო მის წევრ, არამედ უცხოელ ავტორებზეც.

კანონი ანიჭებს უფლებამფლობელებს დამრღვევისაგან მოითხოვონ უფლების აღიარება, დამრღვევი მოქმედებების აღკვეთა, ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით და სხვა.

კანონი იძლევა აგრეთვე კონტრაფაქციული ასლის განმარტებას, რაც მნიშვნელოვანია სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართალწარმოებისთვის.

კანონით განსაზღვრულია სასამართლოს შესაძლებლობა სამოქალაქო სარჩელის უზრუნველსაყოფად, საქმის არსებითად განხილვამდე, ყადაღა დაადოს კონტარაქციულ ასლებს, კონტრაფაქციული ასლების დასამზადებელ მასალებს, მოწყობილობას და სხვა ტექნიკურ საშუალებებს, დოკუმენტებს, ანგარიშებს და სხვა მტკიცებულებებს.



კანონი მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის შესახებ

მცენარეთა ახალი ჯიშების სამართლებლივ დაცვასთან და გამოყენებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს აწესრიგებს საქართველოს კანონი "მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის შესახებ”. აღნიშნული კანონი ვრცელდება მცენარეთა ყველა გვარსა და სახეობაზე.

სელექციონერისათვის მცენარის ახალი ჯიშის გამოყენებაზე განსაკუთრებული უფლების მინიჭება წარმოებს მცენარის ახალი ჯიშის "საქპატენტში” რეგისტრაციისა და მოწმობის გაცემის საფუძველზე.

სელექციონერის განსაკუთრებული უფლება მოქმედებს 25 წლის ვადით, მისი დარეგისტრირების დღიდან, ხოლო მრავალწლიანი კულტურებისა და ტყის ჯიშებისათვის - 30 წლით.

კანონის თანახმად სელექციონერად მიიჩნევა არამარტო პირი, რომელმაც უშუალოდ გამოიყვანა, გამოავლინა ან გააუმჯობესა მცენარის ახალი ჯიში, არამედ სამუშაოს მიმცემი, დავალების გამცემი ან უფლებამონაცვლე.

მცენარის ახალი ჯიში დარეგისტრირდება და მასზე მოწმობა გაიცემა, თუ იგი პასუხობს დაცვისუნარიანობის კრიტერიუმებს – სიახლეს, განსხვავებულობას, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობას. სიახლის კრიტერიუმი დაკმაყოფილებულად ჩაითვლება, თუ მცენარის ამ ჯიშის გასამრავლებელი მასალა განაცხადის "საქპატენტში” შეტანამდე არ გასხვისებულა გამოყენებისათვის: საქართველოს ტერიტორიაზე 1 წლით ადრე, სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე 4 წლით ადრე, ხოლო ვაზისა და ხე-მცენარეების შემთხვევაში – 6 წლით ადრე.

მცენარის ახალი ჯიშის სხვა არსებული მცენარის ჯიშებისაგან განსხვავებულობა, ჯიშის ძირითადი ნიშან-თვისებების მიხედვით ერთგვაროვნება და ასეთი ნიშან-თვისებების თაობებში სტაბილურობა დგინდება სპეციალური გამოცდების მეშვეობით, რომელსაც ახორციელებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განსაზღვრული იურიდიული ან ფიზიკური, შესაბამისი აკრედიტაციის საფუძველზე.

მცენარის ახალ ჯიშზე სხვა ქვეყანაში ჩატარებული გამოცდის შემთხვევაში, საქართველოში გამოცდა არ ტარდება. ასეთ შემთხვევაში "საქპატენტის” გადაწყვეტილების საფუძვლად გამოიყენება სხვა ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა.

სელექციონერს განსაკუთრებული უფლება მცენარის ჯიშის გამოყენებაზე გულისხმობს უფლებას თავად განახორციელოს, ნება დართოს ან/და აკრძალოს მცენარის ახალი ჯიშის წარმოება, კვლავწარმოება, გამრავლებისათვის მომზადება, შენახვა, გასაყიდად შეთავაზება, გასხვისება ან უფლების გადაცემა, ექსპორტი და იმპორტი. სელექციონერის უფლება ვრცელდება აგრეთვე მცენარის ახალი ჯიშისაგან მიღებულ მოსავალზე და ისეთ მცენარის ჯიშებზე, რომელიც მიღებულია დაცული ჯიშისაგან.

სელექციონერის განსაკუთრებული უფლება არ ვრცელდება მცენარის ახალი ჯიშის პირადი მოხმარებისათვის, არაკომერციული, ექსპერიმენტული და სასელექციო მიზნით გამოყენებაზე, აგრეთვე ასეთ შემთხვევაში მიღებული მოსავლის საბოლოო პროდუქტად გამოყენების შემთხვევაში.

კანონი ითვალისწინებს სელექციონერის განსაკუთრებული უფლების შეზღუდვას საჯარო ინტერესების გათვალისწინებით, იძულებითი ლიცენზიის გაცემის გზით.

საქართველოს კანონი ‘’ცხოველთა ახალი ჯიშების დაცვის შესახებ’’(2006წ) არსებითად იმეორებს ‘’მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის დებულებებს და მათ შორის განსხვავება შემოიფარგლება დაცვის ობიექტთა სხვადასხვაობით.



საქართველოს კანონი «ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებების შესახებ» ადგენს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე, კერძოდ საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების, გეოგრაფიული აღნიშვნისა და სასაქონლო ნიშნების მფლობელების უფლებათა დარღვევით წარმოებული პროდუქციის იმპორტირებისა და ექსპორტისას სპეციალურ სასაზღვრო ღონისძიებების გამოყენების წესს.

კანონის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო დეპარტამნეტში იქმნება სპეციალური რეესტრი, სადაც დაინტერესებულ უფლებამფლობელს საშუალება ეძლევა დაარეგისტრიროს საკუთარი სასაქონლო ნიშანი, საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტი, მონაცემთა ბაზა, ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა და მიუთითოს საქონლის იდენტიფიცირებისთვის აუცილებელი ინფორმაცია.

საეჭვო ტვირთის გამოჩენისას საბაჟო ორგანოებს უფლება ენიჭებათ შეაჩერონ ეს ტვირთი, დაუყოვნებლივ აცნობონ ამ ფაქტის შესახებ უფლებამფლობელს ან მის წარმომადგენელს და შემოწმებისათვის გადასცენ შეჩერებული საქონლის ეგზემპლარი.

იმ შემთხვევაში, თუ უფლებამფლობელი დარწმუნდება, რომ შეჩერებული საქონელი კონტრაფაქციულია, მას უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება და საქონლის განადგურება. ხოლო, თუ შეჩერებული საქონლის მფლობელი უარს განაცხადებს თავის საქონელზე, საბაჟო დეპარტამენტი ანადგურებს შეჩერებულ საქონელს უფლებამფლობელის ხარჯითა და პასუხისმგებლობით. ეს წესი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც შეჩერებული საქონლის მფლობელი არ გამოეხმაურება საბაჟო დეპარტამენტის შეტყობინებას საქონლის განადგურების შესახებ უფლებამფლობელის მოთხოვნის თაობაზე.



სისხლის სამართლის კოდექსი (მუხლები 189, 1891, 196) ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე უფლებების დარღვევისათვის. კერძოდ, აღნიშნული კოდექსის 189-ე მუხლი დანაშაულად მიიჩნევს ნაწარმოების ავტორობის მითვისებას ან თანაავტორობაზე იძულებას, ასევე დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მიზნით საავტორო და მომიჯნავე უფლებების ობიექტების უკანონო რეპროდუცირებას, კონტრაფაქციული ასლების შეძენას, იმპორტს, შენახვას, გაყიდვას, გაქირავებას ან საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელის უფლების სხვა სახით ხელყოფას.

სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას სამრეწველო საკუთრების უფლების ხელყოფისთვისაც. კერძოდ, 1891 მუხლის მიხედვით, დანაშაულად არის მიჩნეული გამოგონების, სასარგებლო მოდელის, სამრეწველო ნიმუშის, ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის ავტორობის მითვისება ან თანაავტორობაზე იძულება. ასევე, წინასწარი შეცნობით სხვისი გამოგონების, სასარგებლო მოდელის, სამრეწველო ნიმუშის, ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის შემოსავლის მიღების მიზნით უკანონო გამოყენება.

კოდექსის 196-ე მუხლის თანახმად დასჯად ქმედებას წარმოადგენს დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნით უკანონოდ ნიშანდებული საქონლის წარმოება ან სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ასევე არარეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანთან, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებასთან ან გეოგრაფიულ აღნიშვნასთან ერთად გამაფრთხილებელი აღნიშვნის ყალბი მითითება.

ზემოთ აღნიშნული დანაშაულების ჩადენისათვის სისხლის სამართლის კოდექსი სანქციის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, თავისუფლების შეზღუდვას ან თავისუფლების აღკვეთას.



საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ინტელქუალურ საკუთრებაზე უფლებების დარღვევებს ეხება 1571, 1572 1573 და 158-ე მუხლები. აღნიშნული მუხლები ითვალისწინებს პასუხისმგებლობას საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელების და სასაქონლო ნიშნის მფლობელის უფლებების დარღვევისათვის.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის უკანონო რეპროდუცირების, ტექნოლოგიური საშუალებისათვის გვერდის ავლის, "უფლების მართვის ინფორმაციის” უკანონოდ შეცვლის, განადგურების ან გაყალბების, კონტაფაქციული ასლების შეძენის, იმპორტის, შენახვის, გაყიდვის გაქირავების ან შემოსავლის მიღების მიზნით საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელის ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების სხვა სახით დარღვევისათვის. უფლებების დარღვევად არის მიჩნეული, ასევე, ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის ასლებზე უფლების მფლობელის მიერ დასმული დაცვის ნიშნის უკანონო შეცვლა ან განადგურება.

აღნიშნული ქმედებებისათვის სანქციის სახით გათვალსწინებულია ჯარიმა, ხოლო იგივე ქმედების ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენისათვის ჯარიმის გაზრდილ ოდენობასთან ერთად, საქართველოს ადმინისტარციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ითვალისწინებს სამართალდარღვევის ჩადენისათვის საჭირო მასალების, მოწყობილობებისა და ტექნიკური საშუალებების კოფისკაციას. კონფისკებული კონტრაფაქციული ასლები, სამარათალდარვევის ჩადენისათვის საჭირო მასალები, მოწყობილობები და ტექნიკური საშუალებები ექვემდებარება განადგურებას, გარდა იმ შემთვევებისა, როდესაც ისინი გადაეცემა საავტორო და მომიჯნავე უფლების მფლობელს ან მონაცემთა ბაზის დამამზადებელს მისივე მოთხოვნის საფუძველზე.

გარდა ამისა საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს სამოქალაქო პასუხისმგებლობას საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისათვის. «საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 59-ე მუხლის თანახმად საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელს და მონაცემთა ბაზის დამამზადებელს უფლება აქვს მოითხოვოს უფლებების დამრღვევისაგან ზიანის ანაზღაურება და უფლების აღიარება.





საქართველოს კანონმდებლობა ინტელექტუალური საკუთრების სფეროში, რომლის შემუშავებაშიც მონაწილეობა მიიღეს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის, ევროპის საპატენტო უწყების და ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტებმა, ძირითადად შეესაბამება და ჰარმონიზებულია საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და ევროკავშირის ნორმატიულ აქტებთან.
 
     

 

მთავარი გვერდი | ჩვენს შესახებ | კანონმდებლობა | პარტნიორები | კითხვა პასუხები | სასამართლო პრაქტიკა | ფორმები | ხელშეკრულებები | კონტაქტი